English / ქართული / русский /
სლავა ფეტელავადავით ბასიაშვილი
ეკონომიკის სტრუქტურული და რეგიონული პრობლემები

საქართველოს რეგიონის სოციალ-ეკონომიკური განვითარება და რეგიონებში ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის საკითხი ყოველთვის წარმოადგენდა ქვეყნის ხელისუფლების მუდმივ საზრუნავს, რაზეც მეტყველებს  სამთავრობო სტრატეგიული პროგრამები და დოკუმენტები, კერძოდ, 2010 წლის 25 ივნისის საქართველოს მთავრობის №172 დადგენილება  „საქართველოს რეგიონული განვითარების 2010-2017 წწ. სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცებისა და საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ და საქართველოს მთავრობის 2018 წლის 11 ივნისის №1292 განკარგულება „2018-2021 წლების საქართველოს რეგიონული განვითარების პროგრამა“. სამთავრობო პროგრამების პარალელურად ხორციელდება  ბიზნესის – მსხვილი, საშუალო  და მცირე საწარმოების – საქმიანობის ხელშეწყობა, რომელსაც ახორციელებს სსიპ „აწარმოე საქართველოში“. იგი ერთ-ერთი პირველი სახელწიფო უწყებაა საქართველოში, რომლის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესება, კერძო სექტორის განვითარება, საქართველოს საინვესტიციო კლიმატის პოპულარიზაცია და ექსპორტის ხელშეწყობა დინამიკური ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად. სააგენტო აერთიანებს სამ კომპონენტს, ეკონომიკური განვითარების სამ ურთიერთდაკავშირებულ შრეს: ბიზნესს (ადგილობრივ წარმოებას), ექსპორტს და ინვესტიციებს.

რეგიონული განვითარების სტრატეგიული ხედვა ეფუძნება ევროკავშირის რეგიონების ეკონომიკური და სოციალური გათანაბრების (Cohesion ) პოლიტიკის უახლეს მიდგომებს, რომლის მიზანია რეგიონების ჰარმონიზებული და დაბალანსებული განვითარება და მათი   კონკურენტუნარიანობის  ზრდა.

საქართველო დაყოფილია 12 ისტორიულ-სტატისტიკურ რეგიონად[1] და  მოიცავს 2 ადმინისტრაციულ ერთეულს (აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკები), 10 სტატისტიკურ და ეკონომიკურ-გეოგრაფიულ რეგიონს (სამეგრელო-ზემო სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, იმერეთი, გურია, სამცხე-ჯავახეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, კახეთი და თბილისი), რომლებსაც (გარდა თბილისისა) . . .  არ გააჩნიათ არც სამართლებრივი და არც ისტორიული წანამძღვრები, ერთადერთი რასაც ეს დაყოფა ემყარება არის “კუთხური” მიკუთვნებულობის განცდა[2]. ასეთი სტატისტიკური დაყოფა კარდინალურად  განსხვავდება  ევროკავშირის NUTS კლასიფიკაციისაგან  (სტატისტიკის ტერიტორიული ერთეულების ნომენკლატურა), რომელიც არის  იერარქიული სისტემა ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკური ტერიტორიის დაყოფისთვის, რათა განხორციელდეს ევროპის რეგიონული სტატისტიკის შეგროვება, რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური ანალიზი, განვითარება და ჰარმონიზაცია[3]. NUTS თავის მხრივ მოიცავს:  NUTS 1 – ძირითადი სოციალურ-ეკონომიკური რეგიონები; NUTS 2 − ძირითადი რეგიონები რეგიონული პოლიტიკის გამოყენებისთვის და  NUTS 3 −  მცირე რეგიონები სპეციფიკური დიაგნოზისთვის. 

რეგიონების ეკონომიკური სტრუქტურის ზოგადი  დახასიათება

მიუხედავად განხორციელებული ეკონომიკური რეფორმებისა, რეგიონებში ჯერ კიდევ  შენარჩუნებულია დამოუკიდებლობამდე არსებული ეკონომიკის  სტრუქტურა რაც განაპირობებს რეგიონის  ეკონომიკის  სტრუქტურულ  და  სოციალურ  პრობლემებს.

დამოუკიდებლობის პერიოდში არ ხდებოდა  ეკონომიკის მნიშვნელოვანი დივერსიფიკაცია (თუ მხედველობაში არ მივიღებთ  საბანკო და სადაზღვევო  სექტორს, რომელიც უმთავრესად თავმოყრილია თბილისსა და ურბანულ დასახლებებში). პირიქით, სრულად გაქრა დამოუკიდებლობის მოპოვებამდე არსებული მანქანათმშენებლობის, ხელსაწყოთმშენებლობის, ელექტრონული, საფეიქრო და შრომატევადი წარმოება ეკონომიკის სექტორიდან.   რაც შეეხება  სოფლის მეურნეობას, მიუხედავად ზოგიერთი  სასოფლო-სამურნეო  პროდუქციის ჩანაცვლებისა და მასზე წლიდან წლამდე მოთხოვნისა და მიწოდების ზრდისა, ქვეყანამ ჯერ კიდევ ვერ მიაღწია ეკონომიკის იმ დონეს, რაც გვქონდა გასული საუკუნის 80-ანი წლების ბოლოს. ეკონომიკის ვარდნამ საფუძველი დაუდო არასასურველ  დემოგრაფიულ პროცესებს, რაც აისახა რეგიონების მოსახლეობის დეპოპულაზაციით.  ეს პროცესები  განაპირობა როგორც ბუნებრივი მატების შემცირებამ, ასევე შიდა  და გარე მიგრაციამ,   მოსახლეობის იძულებითმა  გადაადგილებამ დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის პირობებში. ყოველივე ეს აისახა ეკონომიკის გარკვეულ სფეროებში მცოდნე კადრების,  ცოდნისა და გამოცდილების ნაწილობრივ ან  სრულად  დაკარგვით.

მთლიანი რეგიონალური პროდუქტი (GRP) არის ამ რეგიონში არსებული ეკონომიკური აქტივობის დონის მაჩვენებელი. იგი მოიცავს ეკონომიკური საქმიანობის ყველა ასპექტს, მათ შორის პირველად (მაგ. სამთო, სოფლის მეურნეობა), მეორეულ (მაგ. წარმოება, საკვების გადამუშავება) და მესამეულ (მაგ. განათლება, ფინანსური მომსახურება) სექტორებს. რეგიონების მიერ შექმნილი დარგობრივი მთლიანი შიდა პროდუქტი, რეგიონების მიხედვით ერთ სულ მოსახლეზე წარმოებული მთლიანი შიდა პროდუქტი, სექტორული დასაქმება და უმუშევრობის დონე არის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი, რომელიც განაპირობებს ბიზნესის განვითარების არსებულ დონეს და იმ გამოწვევების  სრულ ჩამონათვალს, რასაც აწყდება ბიზნესი როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით, ისე რეგიონების მიხედვით, რაც უფრო თვალნათელი გახდა კოვიდ-19-ის  პანდემიის  პირობებში.

საქართველოს რეგიონები განსხვავდება  ტერიტორიული, სოციალური და ეკონომიკური მახასიათებლებით: ერთ სულ მოსახლეზე წარმოებული  მთლიანი შიდა პროდუქციით, ურბანული ტიპის და სასოფლო დასახლებების რაოდენობით, მოსახლეობის რაოდენობით, ასაკობრივი შემადგენლობით და სიმჭიდროვით, დასაქმების დონის, სექტორული დასაქმების ტიპისა და  ბიზნესის განვითარების შესაძლებლობებით, რაც  განაპირობებს  მათ სოციალურ  და ეკონომიკურ უთანაბრობას. 

საქართველოს ეროვნული სტატისტიკის 2020 წლის მონაცემების მიხედვით ქვეყნის მთლიანმა შიდა პროდუქტმა საბაზისო ფასების მიხედვით შეადგინა 43 136.60 მლნ ლარი,[4] სადაც თბილისის წილმა 51% შეადგინა. დედაქალაქის ასეთი მნიშვნელოვანი წილი მთლიან შიდა პროდუქტის წარმოებაში  არის საქართველოს და მისი რეგიონების ყველაზე დიდი გამოწვევა. აჭარის, იმერეთისა  და ქვემო ქართლის  წილმა შესაბამისად შეადგინა 9 %, 8 % და 8 %. აჭარისა და იმერეთის  შედარებით მაღალი წილი განპირობებულია აჭარასა და იმერეთში ურბანული ტიპის დასახლებების არსებობით, ხოლო ქვემო ქართლის მაღალი წილი რეგიონში არსებული რუსთავის სამრეწველო საწარმოებისა და ბოლნისის სამთო მომპოვებელი მრეწველობის − მადნეულის საწარმოს არსებობით. რაც შეეხება რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთს, გურიას,  მცხეთა-მთიანეთს, შიდა ქართლსა და კახეთს, მათი წილი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში შესაბამისად შეადგენს 1%, 2%, 3%,  4% და 5%-ს. 2020 წელს რეგისტრირებულ საწარმოთა 67% მდებარეობს  თბილისში (44%), იმერეთსა (14%) და აჭარაში (9%). რაც შეეხება  ძირითად კაპიტალს, რომლის მთლიანმა მოცულობამ ქვეყნის მასშტაბით შეადგინა 38 473 მლნ ლარი,  64% მოდის თბილისზე და  11% აჭარაზე, დანარჩენ რეგიონებზე კი − 25%. აღსანიშნავია, რომ  გურიისა  და რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონში შეადგენს 1,2% და  0.1%.

ასეთივე დიდი უთანაბრობით ხასიათდება მთლიანი შიდა პროდუქტის განაწილება ერთ სულ მოსახლეზე  რეგიონების მიხედვით. საქართველოს ეროვნული სტატისტიკის 2020 წლის მონაცემების მიხედვით ქვეყნის მასშტაბით მთლიანი პროდუქციის მოცულობა ერთ სულ მოსახლეზე (3 716,9 მლნ კაცი) შეადგენდა 11,6 ათას ლარს, რაც  თბილისის მთლიანი შიდა პროდუქტის ერთ სულზე  მაჩვენებელზე (18,4 ათასი ლარი) 1.6-ჯერ ნაკლებია, ხოლო ყველაზე ღარიბი რეგიონის გურიის ანალოგიური მაჩვენებელი - 6,3 ათასი ლარია. ეს უკანასკნელი კი  1,5-ჯერ ნაკლებია თბილისის ერთ სულ მოსახლეზე პროდუქტის მოცულობაზე.  მკაფიო  განსხვავება შეინიშნება რეგიონულ მთლიან შიდა პროდუქტში ბიზნესაქტივობების და ეკონომიკური საქმიანობის მიხედვით, რაც, უპირველეს ყოვლისა, განპირობებულია მოცემულ კონკრეტულ რეგიონში ურბანული ერთეულის, სამრეწველო ობიექტის, სასოფლო-სამეურნეო წარმოების, საბანკო და საფინანსო საქმიანობის და სატრანსპორტო  ჰაბის  არსებობით. თბილისი, სადაც ქვეყნის მთლიანი  შიდა პროდუქციის 51 % იქმნება, ეკონომიკური საქმიანობის ყველაზე დიდი წილი, 23 %, მოდის საბითუმო და საცალო ვაჭრობაზე, ავტომობილებისა და მოტოციკლების რემონტზე; უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობაზე და მშენებლობაზე − შესაბამისად 13 % და 14 %.  მრეწველობა და წარმოება ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური აქტივობის სექტორებს წარმოადგენს ქვემო ქართლში.

ქვეყნის  ეკონომიკისა და შესაბამისად რეგიონული ეკონომიკის არათანაბარ განვითარებაზე ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ადამიანური კაპიტალისა და  დემოგრაფიული უსაფრთხოების საკითხები, კერძოდ,  რეგიონების მოსახლეობის რიცხოვნობის შემცირება, დაბერების არასასურველი ტენდენციები, რაც ასახვას პოვებს მოსახლეობის ასაკობრივი ჯგუფების ცვლილებებში. მოსახლეობის დეპოპულიზაცია, განსაკუთრებით კი საზღვრისპირა, მაღალმთიან და კონფლიქტის მიმდებარე რეგიონებში, წარმოადგენს ერთ-ერთი მნიშვნელოვან გამოწვევას, როგორც ეკონომიკისა და ბიზნესისათვის, ასევე ქვეყნის უსაფრთხოებისათვის. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, სადაც მოსახლეობა 2010 წლიდან 2020 წლამდე 36.3 ათასი კაციდან 28.5 ათასამდე შემცირდა. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით არის სოფლები, სადაც პირველკლასელი  საერთოდ არ არის.  

რეგიონებში  სამუშაო ძალის კვლავ არ წარმოება და რეგიონების  უმეტესობაში სოციალურ დახმარებებზე მაღალი დამოკიდებულება, ქმნის ბიზნესის განვითარებისათვის და ინვესტიციებისთვის არასასურველ გარემოს. რეგიონის არსებულ და სამომავლო განვითარების ერთ-ერთ მთავარ ინდიკატორად მიიჩნევა პროფესიული და უნარ-ჩვევების მქონე ადამიანების არსებობა და განათლების მიღების მსურველთა რაოდენობა, რაც განპირობებულია რეგიონებში სამუშაო ადგილების არსებობით და ადგილების შექმნის სამომავლო პერსპექტივებით. რეგიონებს შორის სოციალური (ჯანდაცვა, ზოგადი განათლება, სოციალური დახმარება, პროფესიული განათლება, საჯარო მომსახურების და ბავშვთა ზრუნვის) დისბალანსი უფრო შესამჩნევი ხდება დეპრესიულ (დეპრესიულია რეგიონი, სადაც პენსიები და სოციალური დახმარებები აღემატება საგადასახადო შემოსავლებს) რეგიონებში.

სოფლის მეურენობის წილი მთლიან შიდა პროდუქტში შეადგენს 10%-ზე ნაკლებს, ეს მაშინ, როდესაც სოფლის მეურნეობაში დასაქმებულია საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი. საქართველოს სოფლის მეურნეობა ფრაგმენტულია, რაც განპირობებულია იმით, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწის მფლობელების უმეტესობა ფლობს დაახლოებით 1 ჰექტარ მიწის ნაკვეთს. ოცდამეერთე საუკუნეში საკვები პროდუქტების კონკურენტუნარიანი წარმოებისათვის გადამწყვეტია მასშტაბის ეკონომია და თანამედროვე ტექნოლოგიები. ინდუსტრიული წარმოება, მასში გამოყენებული ტექნოლოგიები და მასშტაბის ეკონომია არის ერთადერთი გზა მასობრივი მოხმარების სოფლის მეურნეობის პროდუქტების კონკურენტუნარიანი წარმოებისათვის. ასეთი მცირე მეურნეობები უმთავრესად არის თვითკმარი, ვერ უზრუნველყოფს წარმოების ეკონომკურ მასშტაბს, დაბალი შრომის ნაყოფიერების გამო მიღებული სარგებელი ვერ ფარავს ამ საქმესთან დაკავშირებულ შრომით და ფულად ხარჯებს და ვერ ანაზღაურებს მოსავლის მიღებისა და მისი რეალიზაციის რისკებს. ასეთი ტიპის მეურნეობებს შორის დაბალია კოოპერაციის დონე, რაც არათუ უზრუნველყოფს  სოფლის მეურნეობის კონკურენტუნარიანობას და ვერ აკმაყოფილებს ქვეყნის მოსახლეობას მოთხოვნას სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ისეთ სახეობებზე, როგორიცაა მარცვლეული კულტურები, რძე და რძის პროდუქტები,  არამედ ნაკლებ საინტერესოს ხდის ინვესტორებისთვის[5]. მიუხედავად სახელმწიფოს მიერ განხორციელებული საბიუჯეტო ხარჯებისა და რეფორმებისა,  ქვეყანაში შემოდის მილიარდ დოლარზე მეტი სასოფლო- სამეურნეო პროდუქცია[6], რომლის წარმოების შესაძლებლობები და კლიმატური პირობები საქართველოში უკეთესია, ვიდრე ექსპორტიორ ქვეყნებში.

ტურიზმს, როგორც ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფერო, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის საგადამხდელო  ბალანსის მიმდინარე ანგარიშის ფორმირებაში, რაც გამოიხატება უცხოური ვალუტის შემოდინებით (2019 წლის მონაცემებით, საქართველოს ტურიზმის შემოსავლების წილმა მშპ-თან 21 პროცენტი შეადგინა), რაც თავის პოზიტიურ გავლენას ახდენს არა მარტო ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ფორმირებაზე და ფინანსურ სტაბილურობაზე, არამედ  არაპირდაპირ გავლენას ახდენს დასაქმებაზე  ეკონომიკის ისეთ სფეროებში, როგორებიცაა მშენებლობა და ინფრასტრუქტურა, სურსათით და სასმელით უზრუნველყოფა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2021 წელს საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობა, რომელიც ტურისტებთან ერთად, ტრანზიტს და სხვა კატეგორიებს მოიცავს, 2020 წელთან შედარებით 7.7%-ით გაიზარდა. 2020 წელს ქვეყანაში 1.7 მილიონი ვიზიტორი შემოვიდა,  2021 წელს კი 1.9 მილიონი. 2019 წელთან შედარებით ვიზიტორების რაოდენობა თითქმის 80%-ით არის შემცირებული (2019 წელს საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობამ 9,3 მილიონი შეადგინა)[7]. საქართველოს ეროვნული სტატისტიკის 2021 წლის მონაცემების მიხდვით 15 წლის და უფროსი ასაკის საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად იქნა განაწილებული: ვიზიტორების 22% მოდიოდა თბილისზე, იმერეთზე, აჭარაზე, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთზე, შესაბამისად − 16%, 11%, 10% და 8%.  რაც შეეხება გურიის, რაჭისა და ლენტეხის რეგიონს, ერთობლივად ვიზიტორების წილმა 4% შეადგინა.

კოვიდ-19-ის პანდემიის პროცესმა ახალი გამოწვევების წინაშე  დააყენა რეგიონები, რეგიონებში არსებული მეწარმე სუბიექტები და შიდა მეურნეობები.  გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელებულმა კვლევამ „მუნიციპალური მართვის გამოწვევები COVID-19 პანდემიის პირობებში“[8] უფრო თვალნათელი გახადა ის პრობლემები და გამოწვევები, რასაც ზოგადად აწყდება ბიზნესი რეგიონებში. პანდემიის დროს გამოცხადებულმა კარანტინმა,  გადაადგილების შეზღუდვამ ან/და საზღვრების დაკეტვამ, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა  ეკონომიკისა და ბიზნესსაქმიანობის  ყველა სფეროზე. ყოველივე ამან  განაპირობა  მოთხოვნა-მიწოდების კარდინალური  ცვლილება, განსაკუთრებით კი  ტურისტულ, სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესზე. პანდემიის გარკვეულ  პერიოდში საერთოდ გაჩერდა არასასურსათო ვაჭრობა (რასაც ვერ ვიტყვით საცალო ქსელურ მაღაზიებზე) და საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები, რამაც თავის მხრივ  შეამცირა  მოთხოვნა სატრანსპორტო გადაზიდვებზე და ლოჯისტიკურ მომსახურებაზე. საქართველოში მეწარმეებს, რომლებსაც არ აქვთ ინტერნეტქსელზე წვდომა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ წარმატებული ბიზნესი ჰქონდეთ პანდემიის პერიოდში მოთხოვნადი დისტანციური მართვის პირობებში. ეს გარემოება მნიშვნელოვნად ამცირებდა მათი საქმიანობის ეფექტიანობას.

როგორც ზემოთ იყო მოხსენებული,  საქართველოს კანონმდებლობა არ განმარტავს ტერმინს "რეგიონი". ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც განაპირობებს რეგიონებს შორის არსებულ უთანაბრობას, არის ის, რომ ტერმინს „რეგიონი“ განიხილავს, როგორც დაგეგმვის ერთეულს, რომელიც ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ჯგუფს წარმოადგენს და შეესაბამება სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის სამოქმედო ტერიტორიას. საქართველოს კანონი საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ განმარტავს, რომ  „სახელმწიფო რწმუნებული არის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ტერიტორიაზე მთავრობის წარმომადგენელი“ იმ ტერიტორიის საზღვრებში, რომელიც განისაზღვრება სახელმწიფო რწმუნებულის დებულებით. სახელმწიფო რწმუნებულის დებულებას ამტკიცებს მთავრობა.

ქვეყნის ეკონომიკის დაგეგმვა ხორციელდება დარგობრივი პრინციპით. ქვეყნის ეკონომიკის პოლიტიკის შემუშავებას − დაგეგმვას და  მის განხორცილებას წარმართავენ დარგობრივი სამინისტროები ტერიტორიულ ორგანოთა მეშვეობით. რეგიონებს შორის უთანაბრობის დაძლევისა და მათი კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ, მიზანშეწონილია დაგეგმვის დარგობრივი პრინციპებიდან დაგეგმვის​ ტერიტორიულ პრინციპებზე გადასვლა და ამ ორი პრინციპის ჰარმონიზაცია, ასევე უფრო მსხვილი ეკონომიკის დაგეგმარების  რეგიონის შემოღება, რომელიც ახლოს არიან კლიმატური და სასოფლო სამეურნეო ტიპის წარმოებით.  წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან ძნელი იქნება  ტერიტორიული უთანასწორობის დაძლევა, შემოსავლებისა და  მოქალაქეებისა და ბიზნესისათვის ძირითად ინფრასტრუქტურასა და მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა. 

დასკვნა

სტატიაში განხილულია სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევები, რომლებსაც აწყდებიან რეგიონები მთლიანი შიდა პროდუქტის, დემოგრაფიის, ბიზნესსაქმიანობის და სექტორული ეკონომიკის უთანაბრობით.  ასევე განხილულია რეგიონის დაგეგმარების მიდგომები. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. საქართველოს რეგიონული განვითარების პროგრამა  2018-2021.
  2. დავით მელუა, დეცენტრალიზაციის, რეგიონული განვითარების, სივრცითი მოწყობის ასპექტები და  პოლიტიკის  ორიენტირები  საქართველოსთვის.
  3. https://ec.europa.eu/eurostat/web/nuts/principles-and-characteristics
  4. https://forbes.ge/saqarthvelos-sophlis-meurn/
  5. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/638/importi
  6. https://forbes.ge/2021-tsels-saqarthveloshi-1-9-milioni-vizitori-shemovida/
  7. http://www.postcovid.nala.ge/public/storage/documentFiles/ mG0XjAeqDOX7C0XkcWMZgM7sbD9POEuwwJ5NPRuT.pdf


[1]საქართველოს რეგიონული განვითარების პროგრამა 2018-2021.

[2]დავით  მელუა,  დეცენტრალიზაციის, რეგიონული  განვითარების, სივრცითი მოწყობის ასპექტები და პოლიტიკის  ორიენტირები  საქართველოსთვის.

[3] https://ec.europa.eu/eurostat/web/nuts/principles-and-characteristics

[4]პროდუქციაზე სუბსიდირებისა და გადასახადების გარეშე.

[5] https://forbes.ge/saqarthvelos-sophlis-meurn/

[7]https://forbes.ge/2021-tsels-saqarthveloshi-1-9-milioni-vizitori-shemovida/

[8]http://www.postcovid.nala.ge/public/storage/documentFiles/mG0XjAeqDOX7C0XkcWMZgM7sbD9POEuwwJ5NPRuT.pdf